unikaluri

არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში ოტელი Hyatt Capital Gate Abu Dhabi გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Hyatt Hotels Corporation–ი ავრცელებს. სასტუმრო იმითაა გამორჩეული, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერად, 18 გრადუსით გადახრილ ცათამბჯენშია განთავსებული.

შენობამ Capital Gate–მა, რომელიც აბუ–დაბის საგამოფენო კომპანიას ეკუთვნის, გინესის წიგნში ადგილი სწორედ გადახრის გამო მიიღო, რომელიც თითქმის 4–ჯერ აღემატება ცნობილი პიზის კოშკის გადახრის გრადუსს.

ოტელი შენობაში მე–15–დან 33–ე სართულებამდე მდებარეობს და 189 ნომერს აერთიანებს.

„ეს უნიკალური პროექტი გახდა დიზაინსა და არქიტექტურაში მოწინავე ტექნოლოგიების ხორცშესხმა, რომელმაც ახალი სტანდარტები დაამკვიდრა სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში,“ – განაცხადა სამხრეთ–დასავლეთ აზიაში Hyatt International–ის მმართველმა დირექტორმა პიტერ ფულტონმა.

კომპანიას ეკუთვნის ბრენდები: Hyatt, Park Hyatt, Andaz, Grand Hyatt, Hyatt Regency, Hyatt Place, HYATT house.

ისრაელის ძველ ქალაქ აკოში, რომელიც ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე, ქალაქ ჰაიფადან 18 კილომეტრში მდებარეობს, ბუტიკ–ოტელი Effendi გაიხსნა. ოტელი ორ ძველ შენობაში განთავსდა, რომლებიც ისრაელის სიძველეთა სამმართველოს მეთვალყურეობის ქვეშ აღადგინეს.

12 ნომრიდან თითოეული უნიკალურია. ზოგიერთ მათგანში რესტავრატორებმა ჭერზე ძველი წარწერები შეინარჩუნეს, სხვებში კი დეკორის ხის ელემენტებია შემორჩენილი.

ფანჯრების უმეტესობა ზღვაზე გადის, დანარჩენები კი ძველ ქალაქზე და დასავლეთ გალილეის მთებზე. ნომრებში უსადენო ინტერნეტი მუშაობს.

რესტორანსა და ბარში კლიენტებს სასტუმროს მარნიდან ღვინოს შესთავაზებენ. სპა–სალონი აღდგენილ თურქულ აბანოებშია მოწყობილი, რომელთა ასაკი 400 წელია.

ქალაქ ოსაკაში დამთვალიერებლებისთვის იაპონიაში ცნობილი, საკურას „გვირაბი“ გაიხსნა. ხეივანი ქალაქის ზარაფხანის ძველი შენობის ეზოში მდებარეობს და ის 345 ხისგან შედგება, რომელთა ზედა ტოტებიც ერთმანეთში იხლართება. მათ შორის გამავალი მზის სხივები კი უნიკალურ ოპტიკურ ეფექტს ქმნიან. აქ 129 სახეობის საკურა ხარობს, რომელთაც ვარდისფერი და თითქმის თეთრი ფურცლები აქვთ.

ალეა დამთვალიერებლებისთვის 1883 წლიდან მოყოლებული, ყოველ გაზაფხულზე იხსნება. გამონაკლისი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის პერიოდი იყო. გასულ წელს, სტიქიური უბედურების გამო ხეივანს საღამოს განათება გამოურთეს, რათა ელექტროენერგია დაეზოგათ. წელს კი „გვირაბი“ შეზღუდვების გარეშე იმუშავებს და მთელი იაპონიიდან ტურისტების უზარმაზარ ნაკადებს მიიზიდავს.