turizmi

სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს კულტურის საკითხების კომისია ერევნის „გამარჯვების პარკში“ „ნოეს კიდობანის“ აგებას გეგმავს.

ობიექტი ბიბლიური კიდობანის აღწერილობის მიხედვით შეიქმნება. ტერიტორია, სადაც ობიექტის აგება იგეგმება, საკმაოდ მაღალ ადგილას მდებარეობს, საიდანაც სომხეთის დედაქალაქის ხედი იშლება და არარატის მთა მოსჩანს, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე, თურქეთ-სომხეთის საზღვრიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ახალ „კიდობანში“ პროექტის ავტორები ყველა მისი ბინადრის ზუსტ ორეულებს განათავსებენ, იქვე განთავსდება სხვადასხვა ხალხების კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების მუზეუმი, გადასახედი მოედანი და სხვა ობიექტები.

ხელისუფლების განცხადებით, ეს ორიგინალური პროექტი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის სტიმული უნდა გახდეს.

საქართველოს განახლებულ ქალაქებს დღეიდან კიდევ ერთი – ყვარელი დაემატა. ქალაქში დღეს სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.
განახლებულ ყვარელში დილიდან სახალხო სეირნობაა. ქალაქში ჩასული არიან ტურისტები. ყვარლის ცენტრში მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მსურველებს რამდენიმე კუთხეში მოწყობილ სპეციალურ ადგილას კახური ღვინისა და სამზარეულოს დაგემოვნების საშუალებაც აქვთ. დღის ბოლოს დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. იმღერებს გიორგი უშიკიშვილის გუნდი. შეკრებილების წინაშე წარდგებიან სუხიშვილებიც.

ყვარელში დღესვე გაიხსნა ახალი იუსტიციის სახლიც. შენობის თანამედროვე დიზაინი ქართველი არქიტექტორის შექმნილია. დასაქმებულია 25 ადგილობრივი მოსახლე.
ყვარლის იუსტიციის სახლში მისულ მოქალაქეს 250-ზე მეტი სერვისის მიღების შესაძლებლობა კომფორტულ გარემოში ეძლევა. პარალელურად, ყვარელში აშენდა იუსტიციის ახალი სასწავლო ცენტრიც.

თურქეთის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება სასტუმროებისთვის კერძო პლაჟების ჩამორთმევის შესახებ.

ქვეყნის სასტუმროების მნიშვნელოვანი ნაწილი ვეღარ შეძლებს პრეტენზიის გაცხადებას საზოგადოებრივი პლაჟების ტერიტორიაზე. ექსპერტების შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს თურქეთის სტუმართმოყვარე იმიჯს.

ტურიზმის მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი უკვე დაეგზავნა ტურისტულ კავშირებსა და ფედერაციებს. განკარგულების თანახმად, სასტუმროები თავიანთი სტუმრებისთვის საზოგადოებრივი პლაჟების შემოღობვას ვეღარ შეძლებენ.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ თურქეთის სასტუმროების უსაფრთხოების თანამშრომლებს არ ექნებათ პლაჟზე შესასვლელთან დგომის უფლება.

ასევე, ახალი განკარგულება სასტუმროებს უკრძალავს პლაჟებზე შემზღუდავი აბრების დადგმას და დაცვის დაყენებას.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თურქეთის ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა ტურისტებს არ მოეწონოთ, რადგან ბევრი მათგანისთვის სასტუმროს შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, გააჩნია თუ არა ოტელს ზღვაზე საკუთარი გასასვლელი.

ტურისტების უმრავლესობა, რომლებიც თურქეთში შვებულების გატარების მიზნით ჩადიან, ყველაზე ხშირად ზღვაზე გასასვლელის მქონე სასტუმროს არჩევენ.

ხელისუფლების გადაწყვეტილება კი გამოიწვევს იმას, რომ ბევრი ტურისტი კერძო პლაჟის ნაცვლად იძულებული იქნება საზოგადოებრივ ზონებს ესტუმროს. შედეგად, თურქეთის სტუმრებს შეზლონებსა და სხვა მოწყობილობებში თანხის გადახდა მოუწევთ.

შეზლონგზე კომფორტულად გარუჯვაა მოგზაურებს ყოველდღიურად 2-3 დოლარი დაუჯდებათ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ „შემოიარე საქართველოს“ ფარგლებში 8 სექტემბერს სიღნაღში „საზამთროს ფესტივალი  გაიმართება. ღონისძიება სიღნაღის ცენტრში გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე 13:00 საათზე დაიწყება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ღონისძიების პროგრამას, მთელი დღის განმავლობაში დააგემოვნონ საზამთრო, საზამთროს ფრეში და მურაბა, ასევე თამაშებში მონაწილეობის მსურველები გაივლიან რეგისტრაციას საინფორმაციო დაფასთან და შეარჩევენ თამაშებს.