raodenoba

იტალიაში გაიხსნა სასტუმრო, სადაც ყველაფერია გათვალისწინებული ალერგიული ადამიანებისთვის. 4-ვარსკვლავიანი ეკოოტელი Tirler Dolomites Living-ი ზღვის დონიდან 1752 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და სტუმრებს ოთხი ტიპის ნომრების არჩევანს სთავაზობს – Saslong-ს, რომელიც 2-4 ადამიანს იტევს; Dolomit-ს, რომელიც 2-6 ადამიანზეა გათვლილი, სიუიტ Curasoa-ს, სადაც 2-5 ადამიანს შეუძლია ცხოვრება და Tirler Alm-ს, რომლის ფართი 25 კვადრატული მეტრია და სადაც მხოლოდ 2 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

სასტუმრო რბილწიწვიანი ხისა და ევროპული ფიჭვისგანაა აგებული. ნომრების კედლები კი თიხითაა დაფარული, რისი წყალობითაც ოთახები ბუნებრივი გზით თბება და ელექტრო გამათბობლის გამოყენების აუცილებლობა აღარ არის. მცენარეების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი, რათა სტუმრები ყვავილის მტვერმა არ შეაწუხოს. რესტორნის მენიუში შედის სპეციალური კერძები ვეგეტარიანელებისა და ალერგიული ადამიანებისთვის.

სასტუმროს ნომრის დაჯავშნა ინტერნეტის საშუალებითაა შესაძლებელი.

ბაქოში ახალი 5-ვარკვლავიანი სასტუმრო JW Marriott Absheron-ი გაიხსნა, რომელიც ქალაქის ცენტრში, აზადიღლის მოედანზე მდებარეობს. იგი აზერბაიჯანის დედაქალაქის საუკეთესო სავაჭრო ცენტრებიდან ორიოდე ნაბიჯის დაშორებითაა განთავსებული.

ოტელში 243 ნომერია, რომელთა ფანჯრებიდან კასპიის ზღვის და ბაქოს ცენტრალური უბნების ხედი იშლება. მთელ სასტუმროში, Wi-Fi-ს საშუალებით უფასო ინტერნეტით სარგებლობაა შესაძლებელი. სტუმრებს ოთხი რესტორანი და ბარი, ასევე სპა-ცენტრი და ფიტნეს-კლუბი ემსახურება.

კომპლექსი 12 საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. სასტუმროს ორადგილიანი ნომრით სარგებლობის ღირებულება ერთი დღე-ღამის განმავლობაში 230 მანათიდან ანუ 290 დოლარიდან იწყება.