ojaxi

ამერიკულმა საკრუიზო კომპანია Disney Cruise Line–მა განაცხადა, რომ 2013 წლიდან ხმელთაშუა ზღვაში განაახლებს კრუიზებს ფანტასტიკური ლაინერით DisneyMagic–ით.

„2013 წლის 1 ივნისს DisneyMagic–ი ბარსელონას პორტიდან გავა, რათა შთამბეჭდავი კრუიზი განახორციელოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქალაქებს შორის, რომლებიც მდიდარია ისტორიით, კულტურითა და გართობით,“ – ნათქვამია საკრუიზო კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

2013 წლისთვის Disney Cruise Line–ი ოთხი, 7 და 12–დღიანი კრუიზების შესრულებას გეგმავს ისეთი ქვეყნების სანაპიროებზე, როგორებიცაა ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი, მალტა და ხორვატია.

გასულ წელს კომპანია ერთკვირიან კრუიზებს ასრულებდა, თუმცა ისინი 2012 წლისთვის გაუქმდა. 2013 წელს კი Disney Cruise Line–ი ტურისტებს უფრო მრავალფეროვან პროგრამას პირდება.

Disney Cruise Line–ი გართობის ინდუსტრიის ცნობილ კომპანიას The Walt Disney Company–ს ეკუთვნის. ამჟამად ის კრუიზებს სამი ფანტასტიკური ლაინერით – Disney Magic–ით, Disney Wonder–ითა და Disney Dream–ით ასრულებს, რომლებიც 2400–დან 4 ათასამდე მგზავრს იტევს.

ასეთი ლაინერებით მოგზაურობა საოჯახო დასვენების ერთ–ერთი საუკეთესო არჩევანია. მათზე ტარდება თემატური გართობები ყველა ასაკის მგზავრისთვის.

Disney–ს ლაინერები დამსვენებელს სთავაზობს შეხვედრას Disney–ს მხატვრული ფილმების საყვარელ პერსონაჟებთან. ბორტზე შესაძლებელია Disney–ს მიუზიკლებზე დასწრება და ღია ზღვაზე კაშკაშა ფეიერვერკებით ტკბობა.

ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა ჯიმ ჰალფენსმა ტურისტულ ბაზარზე ახალი მომსახურება გამოიტანა – მისი კომპანია „განქორწინების სასტუმრო“ (Divorce hotel) კლიენტებს სთავაზობს ოტელში დასახლებას და რამდენიმე დღეში განქორწინების გაფორმებას.

კომპანია ოჯახებს ჰოლანდიის საუკეთესო სასტუმროებში აბინავებს, სადაც მათ ადვოკატები ხვდებიან და პროცესის ყველა დეტალს უთანხმებენ, რაც წყვილებს დროის, ფულისა და ნერვების დაზოგვის საშუალებას აძლევს.

კლიენტებისადმი კომპანიას აუცილებელი მოთხოვნა აქვს – მხარეებს ერთმანეთში მშვიდი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. თუკი მეუღლეები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან ან მუდმივად ჩხუბობენ, კომპანია მათ დახმარებაზე უარს ამბობს.

„განქორწინებების სასტუმროს“ მომსახურება 2500 ევრო ღირს. ბიზნესმენის გეგმებში შედის ფილიალების გახსნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში.

სასტუმროთა ჯგუფმა Hyatt–მა Hyatt Summerfield Suites–ის 38 ოტელისა და 15 Hotel Sierrа–ს რებრენდინგის შესახებ განაცხადა. ისინი მუშაობას ახალი ბრენდის – Hyatt House–ის ქვეშ დაიწყებენ, რომელიც 2011 წლის ბოლოს ამუშავდა.

ახალი ბრენდის კონცეფცია ეფუძნება სასტუმრო სერვისის მიწოდებას მასში ხანგრძლივად მცხოვრები კლიენტურისთვის.

Hyatt House–ის სასტუმროებში მომხმარებელს სამი კატეგორიის აპარტამენტებს სთავაზობენ – სტუდიას მცირე სამზარეულოთი, სუიტებს ცალკე სამზარეულოთი და ერთი ან ორი საძინებლით, და ტრადიციულ ნომრებს სრულად მოწყობილი სამზარეულოთი, საძინებლითა და მისაღებით.

გარდა ამისა, სტუმრების განკარგულებაშია დასვენების კომფორტული ზონა, სადაც სამშაბათიდან ხუთშაბათამდე სტუმრებისთვის ღონისძიებები ტარდება. ამ დროს კლიენტებს ცხელ და ცივ საჭმელებს, ასევე ლუდსა და ღვინოს უფასოდ სთავაზობენ.

რებრენდინგის შედეგად, რომელიც 2012 წლის ბოლოს დასრულდება, Hyatt House–ი აშშ–ის 16 შტატში 53 ოტელი გაერთიანდება. გარდა ამისა, ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ახალი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს.