muzeumi

სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს კულტურის საკითხების კომისია ერევნის „გამარჯვების პარკში“ „ნოეს კიდობანის“ აგებას გეგმავს.

ობიექტი ბიბლიური კიდობანის აღწერილობის მიხედვით შეიქმნება. ტერიტორია, სადაც ობიექტის აგება იგეგმება, საკმაოდ მაღალ ადგილას მდებარეობს, საიდანაც სომხეთის დედაქალაქის ხედი იშლება და არარატის მთა მოსჩანს, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე, თურქეთ-სომხეთის საზღვრიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ახალ „კიდობანში“ პროექტის ავტორები ყველა მისი ბინადრის ზუსტ ორეულებს განათავსებენ, იქვე განთავსდება სხვადასხვა ხალხების კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების მუზეუმი, გადასახედი მოედანი და სხვა ობიექტები.

ხელისუფლების განცხადებით, ეს ორიგინალური პროექტი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის სტიმული უნდა გახდეს.

ივლისის შუა რიცხვებში ბერლინში, „ჩეკპოინტ ჩარლის“ ყოფილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ახალი, ბერლინის კედლის ხედებიანი პანორამა გაიხსნება, რომელიც დეტალურად აღადგენს ქალაქის იმ პერიოდის სახეს, როდესაც აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინს გადაულახავი ზღუდე ყოფდა.

პანორამა მხატვარმა და არქიტექტორმა იაგერდ აზიზიმ შექმნა. იგი 4 მეტრის სიმაღლეზე, 16-მეტრიან როტონდაზე განთავსდება, რომელიც გარედან რეზერვუარს მოგვაგონებს.

აზიზიმ თავის ახალ მუზეუმს Panometer-ი დაარქვა. მასში მაყურებლები ნახავენ კედლის ნაწილს ქალაქის ცენტრამდე და ბერლინის სხვადასხვა რაიონში მიმდინარე მოვლენების სცენებს. მხატვარმა შექმნა მოთამაშე ბავშვების ფიგურები, ბინების ფანჯრები, რომლებშიც ადამიანები ჩანან – ისინი გაზეთებს კითხულობენ ან ტელევიზორს უყურებენ.

ეს აზიზის მიერ შექმნილი პირველი წრიული მუზეუმი არ არის. 2009 წლის მარტში მხატვარმა ლეიფციგში „ამაზონია“ გახსნა, რომელიც 2012 წლის იანვრისთვის 830 ათასმა ადამიანმა დაათვალიერა. ამ პანორამისთვის მან ბრაზილიაში 25 ათასი ფოტო გადაიღო.

ძველ ჩინურ ქალაქ სიანში, რომელიც პეკინიდან სამხრეთ-დასავლეთით, 930 კილომეტრში მდებარეობს, სასტუმრო Westin Xian-ი გაიხსნა, რომელიც სასტუმროთა ჯგუფ Starwood-ს ეკუთვნის. ეს ბრენდ Westin-ის პირველი ოტელია, რომელსაც სიძველეთა საკუთარი მუზეუმი აქვს.

სასტუმრო ტურისტულ რაიონ Qujiang-ში მდებარეობს, რომელიც მაღაზიებითა და რესტორნებითაა გარშემორტყმული. ოტელის სიახლოვეს ტანის დინასტიის საზაფხულო სამეფო ბაღი და პაგოდაა, რომელიც 1000 წელზე დიდი ხნის წინაა აგებული.

Westin Xian-ში 329 ნომერი და 32 ერთ და ოროთახიანი აპარტამენტია.

ერთი დღე-ღამით ორადგილიანი ნომრის დაჯავშნის ღირებულება 174 დოლარიდან იწყება.

ოტელის სიამაყე მუზეუმია, რომელშიც 2000-ზე მეტი არტეფაქტია წარმოდგენილი. ექსპოზიცია ყველა მსურველისთვის გახსნილია. სამ დარბაზში განთავსებულია ჩინური მხატვრობის, ფაიფურის, საიუველირო ხელოვნებისა და ჯავშნების ნიმუშები.

ქალაქი სიანი სამი ათას წელზე მეტია არსებობს და ჩინეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. სიანი 13 საუკუნის განმავლობაში ქვეყნის დედაქალაქი იყო.

იუკატანის შტატის დედაქალაქ მერიდაში „მაიას სამყაროს დიდი მუზეუმი“ Gran Museo del Mundo Maya გაიხსნა. პირველი ექსპოზიციის შემადგენლობაში 600 ისტორიული და არქეოლოგიური ნივთი შევიდა.

თავდაპირველად ტურისტებისთვის 12 დარბაზი გაიხსნება, რომლებიც

ოთხ თემატურ სივრცედაა დაყოფილი. ერთი მათგანი ისტორიას ეძღვნება, მეორე ეთნოგრაფიას, მესამე ანთროპოლოგიას და მეოთხე არქეოლოგიას.

მუზეუმის მეხუთე სივრცე ინტერაქტიულია. მისი ზედა ნაწილი განასახიერებს ცას მაიას თვალით, ქვედა კი იმქვეყნიურ ცხოვრებას.

საგამოფენო კომპლექსის საერთო ფართობი 4,5 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება და სამ შენობას იკავებს. Gran Museo del Mundo Maya–ს მთელი სივრცე დამთვალიერებლებისთვის 31 ოქტომბერს გაიხსნება.

შესვლის საფასური უცხოელებისთვის დაახლოებით 12 დოლარს შეადგენს, 8 დოლარია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ორი დოლარი ბავშვებისთვის, პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის.

კომპლექსის შექმნა მიმდინარეობდა მასშტაბური პროექტის „მაიას სამყაროს“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ შტატებს მოიცავს. მის ფარგლებში სხვა მუზეუმებიც გაიხსნება.

მუზეუმი Beatlemania, რომელიც ჰამბურგის ღამის ცხოვრების ცენტრია, დაბალი მოთხოვნის გამო იხურება. მუზეუმი, რომელიც 2009 წლის მაისში გაიხსნა, დღემდე მხოლოდ 150 ათასმა დამთვალიერებელმა მოინახულა, მასში ჩადებულმა ინვესტიციებმა კი 2,5 მილიონ ევროს მიაღწია.

დაბალი პოპულარობა მუზეუმის დახურვის მთავარი მიზეზი გახდა – ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლები მიმდინარე ხარჯების დაფარვასაც კი არ ყოფნის.

კოლექცია, რომელიც 5 სართულზეა განთავსებული და 1300 კვადრატულ მეტრს იკავებს, 1000-ზე მეტი ექსპონატისგან შედგება, რომლებიც „დიდ ოთხეულს“ უკავშირდება. მუზეუმი The Beatles-ის შესახებ 1960-ანი წლებიდან მოგვითხრობს, როდესაც მუსიკოსები, ჯგუფის დაშლამდე, რეგულარულად გამოდიოდნენ ჰამბურგის კლუბებში.

შენობის პირველ სართულზე კაფე და მაღაზია მდებარეობს, სადაც ჯგუფის სუვენირებისა და სიმბოლიკის, ასევე მათი აუდიო და ვიდეოჩანაწერების შეძენაა შესაძლებელი.

თბილისის ცენტრალურ მოედანზე ღია ცის ქვეშ მუზეუმი მოეწყობა – დედაქალაქში ისტორიული ციხე-გალავნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პუშკინის ქუჩაზე ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნისკენ ტურისტული ღია მუზეუმი შენდება. ადგილზე გაკეთდება ტურისტული სივრცე, აშენდება შენობებთან დამაკავშირებელი ხიდები, საფეხმავლო ბილიკები. ქვედა დონეზე კი ტურისტებისათვის ინტეგრირებული სივრცეც მოეწყობა.
შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობაც. ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნამდე მოძრაობა ცალმხრივი იქნება. ცალხმრივი გახდება მოძრაობა ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩებზეც და ეს მიმართულება რუსთაველის გამზირს მარჯვენა სანაპიროსთან დააკავშირებს. ღია მუზეუმი დამთვალიერებლებისათვის უახლოეს მომავალში გაიხსნება.