mumbai

უახლესი მონაცემების მიხედვით, რიო-დე-ჟანეიროს ოტელები მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია. მათში განთავსების საშუალო ღირებულებამ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით 192,88 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის ფასებზე 50%-ით მეტია.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ოტელების დაჯავშნის საიტის HRS-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ფასების მკვეთრი ზრდა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებამ გამოიწვია, რაც 2014 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის, 2016 წელს კი ოლიმპიური თამაშების გამართვას უკავშირდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რიო-დე-ჟანეიროს ტრადიციულმა კარნავალმა წელს მთელი მსოფლიოდან უამრავი ტურისტი მიიზიდა.

განთავსების ღირებულება დიდი ბრიტანეთის ოტელებშიც გაიზარდა. ლონდონში ერთი ღამის გატარება 100 გირვანქა სტერლინგი ღირს, ლივერპულში კი ფასებმა 12,55%-ით, საშუალოდ 71,57 გირვანქამდე მოიმატა.

მაიამიში ფასები 98 გირვანქამდე, მეხიკოში კი 85 გირვანქამდე გაიზარდა. მოსკოვის სასტუმროებში განთავსების ღირებულება საშუალოდ 122 გირვანქა სტერლინგია, ციურიხში 116 გირვანქა.

ყველაზე იაფფასიანი შეთავაზებები კი ბანგკოკის, პრაღისა და პეკინის სასტუმროებს აქვთ, სადაც ღამის გათენება 50 გირვანქა სტერლინგი ღირს.

შემცირდა ათენის, ოსლოსა და ლისაბონის ფასები, რაც ტურისტების რიცხვის შემცირებასა და საზოგადოებრივი არეულობების გახშირებას უკავშირდება. გასულ წელთან შედარებით სასტუმროებში ფასებმა დაიკლო ბუენოს-აირესსა და მუმბაიში.