mta

სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს კულტურის საკითხების კომისია ერევნის „გამარჯვების პარკში“ „ნოეს კიდობანის“ აგებას გეგმავს.

ობიექტი ბიბლიური კიდობანის აღწერილობის მიხედვით შეიქმნება. ტერიტორია, სადაც ობიექტის აგება იგეგმება, საკმაოდ მაღალ ადგილას მდებარეობს, საიდანაც სომხეთის დედაქალაქის ხედი იშლება და არარატის მთა მოსჩანს, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე, თურქეთ-სომხეთის საზღვრიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ახალ „კიდობანში“ პროექტის ავტორები ყველა მისი ბინადრის ზუსტ ორეულებს განათავსებენ, იქვე განთავსდება სხვადასხვა ხალხების კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების მუზეუმი, გადასახედი მოედანი და სხვა ობიექტები.

ხელისუფლების განცხადებით, ეს ორიგინალური პროექტი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის სტიმული უნდა გახდეს.

ისრაელის ძველ ქალაქ აკოში, რომელიც ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე, ქალაქ ჰაიფადან 18 კილომეტრში მდებარეობს, ბუტიკ–ოტელი Effendi გაიხსნა. ოტელი ორ ძველ შენობაში განთავსდა, რომლებიც ისრაელის სიძველეთა სამმართველოს მეთვალყურეობის ქვეშ აღადგინეს.

12 ნომრიდან თითოეული უნიკალურია. ზოგიერთ მათგანში რესტავრატორებმა ჭერზე ძველი წარწერები შეინარჩუნეს, სხვებში კი დეკორის ხის ელემენტებია შემორჩენილი.

ფანჯრების უმეტესობა ზღვაზე გადის, დანარჩენები კი ძველ ქალაქზე და დასავლეთ გალილეის მთებზე. ნომრებში უსადენო ინტერნეტი მუშაობს.

რესტორანსა და ბარში კლიენტებს სასტუმროს მარნიდან ღვინოს შესთავაზებენ. სპა–სალონი აღდგენილ თურქულ აბანოებშია მოწყობილი, რომელთა ასაკი 400 წელია.