msoplio

არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში ოტელი Hyatt Capital Gate Abu Dhabi გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Hyatt Hotels Corporation–ი ავრცელებს. სასტუმრო იმითაა გამორჩეული, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერად, 18 გრადუსით გადახრილ ცათამბჯენშია განთავსებული.

შენობამ Capital Gate–მა, რომელიც აბუ–დაბის საგამოფენო კომპანიას ეკუთვნის, გინესის წიგნში ადგილი სწორედ გადახრის გამო მიიღო, რომელიც თითქმის 4–ჯერ აღემატება ცნობილი პიზის კოშკის გადახრის გრადუსს.

ოტელი შენობაში მე–15–დან 33–ე სართულებამდე მდებარეობს და 189 ნომერს აერთიანებს.

„ეს უნიკალური პროექტი გახდა დიზაინსა და არქიტექტურაში მოწინავე ტექნოლოგიების ხორცშესხმა, რომელმაც ახალი სტანდარტები დაამკვიდრა სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში,“ – განაცხადა სამხრეთ–დასავლეთ აზიაში Hyatt International–ის მმართველმა დირექტორმა პიტერ ფულტონმა.

კომპანიას ეკუთვნის ბრენდები: Hyatt, Park Hyatt, Andaz, Grand Hyatt, Hyatt Regency, Hyatt Place, HYATT house.

დუბაის სასტუმრო The Address Downtown Dubai–მ, რომელიც დუბაის შუაგულში მდებარეობს, სიგარის სასტუმროს The Cigar Lounge–ის გახსნის შესახებ განაცხადა. სასტუმრო შენობის მე–13 სართულზე, გაშლილ ტერასაზე განთავსდა, საიდანაც მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობაზე – ბურჯ ხალიფაზე მშვენიერი ხედი იშლება.

სიგარის სასტუმრო გულისხმობს ელიტური სასმელებითა და დახვეწილი კერძებით მომსახურებას, ასევე 40 მარკაზე მეტი სიგარის არჩევანს, რომლებიც მთელი მსოფლიოდანაა შეკრებილი. თბილი ატმოსფეროს სასიამოვნო დამატებაა ჯაზური მუსიკა.

The Address Downtown Dubai–ს გენერალური დირექტორის ფილიპ ზუბერის განცხადებით, The Cigar Lounge–ი შეიქმნა სპეციალურად იმ დამსვენებლებისთვის, ვინც მაღალ სტილსა და ცხოვრების ხარისხს აფასებს.

„სასტუმრო გაახარებს მათ, ვინც განმარტოებასა და ნამდვილ კომფორტს ეძებს,“ – აღნიშნავს ზუბერი.

The Cigar Lounge–ი ყოველდღე, 18–დან დილის 2,30 საათამდე მუშაობს.

„კემპინსკის“ სასტუმროების ჯგუფი ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის კამპანიას იწყებს სახელწოდებით BE („ყოფნა“). ესაა იურიდიულად დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია ერთადერთი მიზნით: ხელი შეუშალოს აივ/შიდსის ინფექციის, ტუბერკულოზისა და მალარიის გავრცელებას, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადებებია.

ახალი კომპანია გეგმავს საერთაშორისო მართვაში მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესის დაინტერესებას, რადგან მათთვის გაცილებით იოლია სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო სექტორთან და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება.

კამპანია BE-ს პირველი პროექტი ტაილანდში ამოქმედდა. მისი მთავარი მიზანია, ადამიანებს აივ-ინფექციისა და ტუბერკულოზის არსი გააცნონ და მათი პროფილაქტიკის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ.

„კემპინსკიმ“ სოციალური პასუხისმგებლობისთვის მეტი ყურადღების დათმობა საკუთარი ქსელის განვითარებასთან ერთად გადაწყვიტა.

ასოციაცია BE-ს მმართველი დირექტორის კარინ ვიტვერის განცხადებით, „ეგრეთ წოდებულ ცივილიზებულ დასავლურ სამყაროში ჯანმრთელობა გარანტირებული ფასეულობაა, ეკონომიკურად სუსტ რეგიონებში – აფრიკაში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში კი ჯანმრთელობა ნამდვილ ფუფუნებად მიიჩნევა.“

სინგაპურში მსოფლიოში პირველი, ტროპიკული ფლორის პარკი გაიხსნა. პარკის „ბაღები ყურესთან“ შექმნა, რომელიც სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის ფლორასა და ფაუნას წარმოადგენს, 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ბაღები ყურესთან“ – სრულიად არაორდინალური, ნამდვილი ბოტანიკური სასწაულია, რომლის მოწყობაც მილიარდი დოლარი დაჯდა. კომპლექსი მდინარე სინგაპურის შესართავთან, 200 საფეხბურთო მოედნის ტოლ ფართობზეა განთავსებული.

226 ათასი დიდებული ხის გარდა, აქ რკინის წნილითა და ბეტონით შექმნილი 18 ხეა აღმართული, რომლებიც სიმწვანითაა შემოსილი. ეს ცოცხალი ცათამბჯენები და ვერტიკალური ბაღები, რომელთა სიმაღლეც 25-დან 50-მდე მეტრს აღწევს, პარკს სრულიად ფუტურისტულ იერსახეს აძლევს. დღისით მათ ქვეშ მზისგან თავის შეფარება შეიძლება, სიბნელის დადგომასთან ერთად კი მცენარეები ორიგინალური ილუმინაციებით ნათდება.

გიგანტური ხეები არა მხოლოდ საინტერესო ინსტალაციაა, ისინი „მუშაობენ“ კიდეც და ორანჟერეებისთვის სავენტილაციო არხების როლს ასრულებენ, აგროვებენ წვიმის წყალსა და გამოიმუშავებენ მზის ენერგიას.

პარკში ყველაზე მაღალ ხეებს შორის ხიდები და მიწისზედა გადასასვლელებია, უმაღლესი ხის მწვერვალზე კი რესტორანი განთავსდება, საიდანაც პანორამული ხედი გადაიშლება.

პარკი მომხმარებლებს ფლორის ენაზე მოუთხრობს სინგაპურის ეთნიკური ჯგუფების ისტორიასა და კოლონიალურ პერიოდზე.

პარკში იქნება წყლის ბაღები და კასკადები, ჩანჩქერები და აუზები.

 

მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში მდებარე სავაჭრო- გასართობი კომპლექსი Morocco Mall- ი მსოფლიოში საუკეთესო შოპინგ- ცენტრად დასახელდა. პრესტიჟული პრემია მოლის წარმომადგენლებმა ფრანგულ ქალაქ კანში მიიღეს, სადაც კომერციული უძრავი ქონებისა და ინვესტიციების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.

ატლანტის ოკეანის სანაპიროზე განთავსებული Morocco Mall- ი 2011 წლის დეკემბერში გაიხსნა. მთელ აფრიკასა და ხმელთაშუაზღვის რეგიონში უმსხვილესი სავაჭრო- გასართობი კომპლექსის მშენებლობა 4 წელიწადზე დიდხანს გრძელდებოდა და 200 მილიონ ევროზე ძვირი დაჯდა.

Morocco Mall- ი ნამდვილი „სამომხმარებლო სამოთხეა,“ სადაც ადამიანებს შეუძლიათ დროის სასიამოვნოდ გატარება. სავაჭრო ცენტრში განთავსებულია 350- ზე მეტი ბუტიკი და სავაჭრო გალერეა, რომლებშიც ტანსაცმლის, პარფიუმერიის, საიუველირო ნაკეთობების, აქსესუარებისა და ელექტრონიკის 600 საერთაშორისო ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი.

ყველაზე დიდი მაღაზია Galeries Lafayette- ია, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ვიტრინის გამო გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა – მისი ფართობი 241 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

კომპლექსის დიდი ნაწილი გასართობ ობიექტებს, მრავალრიცხოვან კაფეებს, რესტორნებსა და საოჯახო დასვენების სხვა ადგილებს უკავია.

Morocco Mall- ის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს აკვარიუმი Aquadream- ი – გიგანტური რეზერვუარი, რომელიც მილიონობით ლიტრი ოკეანის წყლითაა სავსე და რომელშიც წყალქვეშა სამყაროს უამრავი წარმომადგენელი, მათ შორის მარჯნები ცხოვრობენ.

აკვარიუმის შუაგულში დადის პანორამული ლიფტი მათთვის, ვისაც ოკეანის ბინადართა ახლოს ხილვა სურს.

მსოფლიო ტურისტული ბაზრის ყველაზე მსხვილი მიმწოდებლები ბრაზილია, არგენტინა, ჩილე და მექსიკაა.როგორც გაირკვა, ლათინური ამერიკის სახელმწიფოების მოქალაქეები სხვა ქვეყნებს ყველაზე ხშირად სტუმრობენ.

კომპანია IPK-ის მიერ ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ლათინური ამერიკიდან უცხოეთში ტურისტული გასვლების რაოდენობა გასული წლის პირველ 8 თვეში 15%-ით გაიზარდა.

როგორც კვლევამ აჩვენა, ბრაზილია, არგენტინა, ჩილე და მექსიკა ის ძირითადი ქვეყნები არიან, რომლებიც მსოფლიოს უცხოეთში მოგზაურ ტურისტებს „აწვდიან.“

ამ ოთხი ქვეყნის ტურისტის ზოგადი პორტრეტი ასეთია: ახალგაზრდა ადამიანი, შესაძლოა, სტუდენტიც, საშუალო ან მაღალი ფენიდან, რომელიც დასვენების ან სიამოვნების გამო მოგზაურობს და როგორც წესი, ტურისტული ფირმებისა და გიდების მომსახურებით სარგებლობს.