Hyatt House

არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში ოტელი Hyatt Capital Gate Abu Dhabi გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Hyatt Hotels Corporation–ი ავრცელებს. სასტუმრო იმითაა გამორჩეული, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერად, 18 გრადუსით გადახრილ ცათამბჯენშია განთავსებული.

შენობამ Capital Gate–მა, რომელიც აბუ–დაბის საგამოფენო კომპანიას ეკუთვნის, გინესის წიგნში ადგილი სწორედ გადახრის გამო მიიღო, რომელიც თითქმის 4–ჯერ აღემატება ცნობილი პიზის კოშკის გადახრის გრადუსს.

ოტელი შენობაში მე–15–დან 33–ე სართულებამდე მდებარეობს და 189 ნომერს აერთიანებს.

„ეს უნიკალური პროექტი გახდა დიზაინსა და არქიტექტურაში მოწინავე ტექნოლოგიების ხორცშესხმა, რომელმაც ახალი სტანდარტები დაამკვიდრა სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში,“ – განაცხადა სამხრეთ–დასავლეთ აზიაში Hyatt International–ის მმართველმა დირექტორმა პიტერ ფულტონმა.

კომპანიას ეკუთვნის ბრენდები: Hyatt, Park Hyatt, Andaz, Grand Hyatt, Hyatt Regency, Hyatt Place, HYATT house.

სასტუმროთა ჯგუფმა Hyatt–მა Hyatt Summerfield Suites–ის 38 ოტელისა და 15 Hotel Sierrа–ს რებრენდინგის შესახებ განაცხადა. ისინი მუშაობას ახალი ბრენდის – Hyatt House–ის ქვეშ დაიწყებენ, რომელიც 2011 წლის ბოლოს ამუშავდა.

ახალი ბრენდის კონცეფცია ეფუძნება სასტუმრო სერვისის მიწოდებას მასში ხანგრძლივად მცხოვრები კლიენტურისთვის.

Hyatt House–ის სასტუმროებში მომხმარებელს სამი კატეგორიის აპარტამენტებს სთავაზობენ – სტუდიას მცირე სამზარეულოთი, სუიტებს ცალკე სამზარეულოთი და ერთი ან ორი საძინებლით, და ტრადიციულ ნომრებს სრულად მოწყობილი სამზარეულოთი, საძინებლითა და მისაღებით.

გარდა ამისა, სტუმრების განკარგულებაშია დასვენების კომფორტული ზონა, სადაც სამშაბათიდან ხუთშაბათამდე სტუმრებისთვის ღონისძიებები ტარდება. ამ დროს კლიენტებს ცხელ და ცივ საჭმელებს, ასევე ლუდსა და ღვინოს უფასოდ სთავაზობენ.

რებრენდინგის შედეგად, რომელიც 2012 წლის ბოლოს დასრულდება, Hyatt House–ი აშშ–ის 16 შტატში 53 ოტელი გაერთიანდება. გარდა ამისა, ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ახალი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს.