girvanqa

უახლესი მონაცემების მიხედვით, რიო-დე-ჟანეიროს ოტელები მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია. მათში განთავსების საშუალო ღირებულებამ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით 192,88 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის ფასებზე 50%-ით მეტია.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ოტელების დაჯავშნის საიტის HRS-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ფასების მკვეთრი ზრდა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებამ გამოიწვია, რაც 2014 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის, 2016 წელს კი ოლიმპიური თამაშების გამართვას უკავშირდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რიო-დე-ჟანეიროს ტრადიციულმა კარნავალმა წელს მთელი მსოფლიოდან უამრავი ტურისტი მიიზიდა.

განთავსების ღირებულება დიდი ბრიტანეთის ოტელებშიც გაიზარდა. ლონდონში ერთი ღამის გატარება 100 გირვანქა სტერლინგი ღირს, ლივერპულში კი ფასებმა 12,55%-ით, საშუალოდ 71,57 გირვანქამდე მოიმატა.

მაიამიში ფასები 98 გირვანქამდე, მეხიკოში კი 85 გირვანქამდე გაიზარდა. მოსკოვის სასტუმროებში განთავსების ღირებულება საშუალოდ 122 გირვანქა სტერლინგია, ციურიხში 116 გირვანქა.

ყველაზე იაფფასიანი შეთავაზებები კი ბანგკოკის, პრაღისა და პეკინის სასტუმროებს აქვთ, სადაც ღამის გათენება 50 გირვანქა სტერლინგი ღირს.

შემცირდა ათენის, ოსლოსა და ლისაბონის ფასები, რაც ტურისტების რიცხვის შემცირებასა და საზოგადოებრივი არეულობების გახშირებას უკავშირდება. გასულ წელთან შედარებით სასტუმროებში ფასებმა დაიკლო ბუენოს-აირესსა და მუმბაიში.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგში ლონდონმა პარიზს პირველობა წაართვა.

საიტ TripAdvisor-ის კვლევის თანახმად, ლონდონში საღამოს გატარების ღირებულება – ესაა ნომერი 4-ვარსკვლავიან სასტუმროში, ვახშამი, ბოთლი ღვინო და ტაქსით 4 მილის მანძილზე გადაადგილება – 330 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ოსლოში იგივე პაკეტში 320 გირვანქის გადახდაა საჭირო. მესამე პოზიციაზე კი ციურიხია. რაც შეეხება გასული წლის რეიტინგის ლიდერს, პარიზს, მან მეოთხე ადგილი დაიკავა. ყველაზე იაფად საღამოს გატარება ვიეტნამის ჰანოიშია შესაძლებელი, სადაც ეს სიამოვნება სულ რაღაც 90 გირვანქა სტერლინგი ღირს.

საიტზე განხილული იყო იმ ქალაქების ფასები, რომლებიც ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებად ითვლება. ყველაზე ძვირადღირებულ 20 ქალაქს შორის შვიდი ევროპულია.

ევროპის მასშტაბით საღამოს ყველაზე იაფფასიანი პაკეტი ბუდაპეშტშია: ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა იქ 123 გირვანქა სტერლინგი დაგიჯდებათ.