gaxsna

მაიამი-ბიჩის ჩრდილოეთ ნაწილში, ფლორიდას შტატში, 19 იანვარს სასტუმრო St Regis Bal Harbour Resort-ი გაიხსნება, რომელიც მომავალ წელს აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო პროექტი იქნება. ოტელის მშენებლობაში მილიარდი დოლარი ჩაიდება.

ბრენდ St Regis-ის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ სასტუმრო თავის სტუმრებს ფუფუნების ახალ დონეს შესთავაზებენ. ოტელში 214 ნომერია, რომელთა ფანჯრებიც ოკეანეს გადაჰყურებს. გარდა ამისა, სამ, 27-სართულიან მინის შენობაში 307 რეზიდენციაა. სასტუმრო ბოლ-ჰარბორის კურორტის ქვიშის პლაჟთან მდებარეობს.

ოტელში დაინერგება სისტემა, რომელიც ლიფტში მყოფი მგზავრისთვის საჭირო სართულს ელექტრონული გასაღებით განსაზღვრავს. St Regis Bal Harbour Resort-ის მთელი ტერიტორია დაფარული იქნება Wi-Fi-თ.

ოტელის სტუმრების განკარგულებაში იქნება მოსამსახურე, სპა-ცენტრი Remède Spa, სატრენაჟორო დარბაზი და საბავშვო კლუბი.

სასტუმროს ღვინის ბარში სამხრეთ ფლორიდის მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციაა თავმოყრილი. ახალ ოტელში ცხოვრების ღირებულება ერთ ღამეში 650 დოლარი იქნება.

Bed and Breakfast–ის კატეგორიის სასტუმროების ევროპული ბიზნესი, პრობლემების მიუხედავად, ყვავის. 2012 წლის იანვარში ქსელი Bedandbreakfast.eu ევროპაში 50 ათას პანსიონს ითვლიდა.

თავად ეს მოვლენა შედარებით ახალია: ამჟამად არსებული b&b–ის მხოლოდ 15% გაიხსნა 2000 წლამდე, 59% კი 2006 წლის შემდეგ ამუშავდა.

50 000–ე ოტელი პალერმოს Ai Vicerè გახდა.

„ბევრი სახლის მფლობელს სურს b&b–ის სასტუმროს გახსნა. ამას ხელს ეკონომიკური კრიზისი უწყობს, და ასეთი სასტუმრო მართლაც შეიძლება გახდეს შემოსავლის კარგი წყარო,“ – განაცხადა Bedandbreakfast.eu–ის დამფუძნებელმა ჰანი ჰოდმეიკერმა.

ევროპულ Bed and Breakfast–ში ღამის გატარება ორ ადამიანს საშუალოდ 74 ევრო უჯდება. ჩვეულებრივ სასტუმროში კი მათ 100–ზე მეტი ევროს გადახდა მოუწვდათ.

ფასისა და მომსახურების ხარისხის ურთიერთმიმართების გამო, პატარა ოტელები ტურისტებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში ოტელი Hyatt Capital Gate Abu Dhabi გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Hyatt Hotels Corporation–ი ავრცელებს. სასტუმრო იმითაა გამორჩეული, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერად, 18 გრადუსით გადახრილ ცათამბჯენშია განთავსებული.

შენობამ Capital Gate–მა, რომელიც აბუ–დაბის საგამოფენო კომპანიას ეკუთვნის, გინესის წიგნში ადგილი სწორედ გადახრის გამო მიიღო, რომელიც თითქმის 4–ჯერ აღემატება ცნობილი პიზის კოშკის გადახრის გრადუსს.

ოტელი შენობაში მე–15–დან 33–ე სართულებამდე მდებარეობს და 189 ნომერს აერთიანებს.

„ეს უნიკალური პროექტი გახდა დიზაინსა და არქიტექტურაში მოწინავე ტექნოლოგიების ხორცშესხმა, რომელმაც ახალი სტანდარტები დაამკვიდრა სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში,“ – განაცხადა სამხრეთ–დასავლეთ აზიაში Hyatt International–ის მმართველმა დირექტორმა პიტერ ფულტონმა.

კომპანიას ეკუთვნის ბრენდები: Hyatt, Park Hyatt, Andaz, Grand Hyatt, Hyatt Regency, Hyatt Place, HYATT house.

დუბაის სასტუმრო The Address Downtown Dubai–მ, რომელიც დუბაის შუაგულში მდებარეობს, სიგარის სასტუმროს The Cigar Lounge–ის გახსნის შესახებ განაცხადა. სასტუმრო შენობის მე–13 სართულზე, გაშლილ ტერასაზე განთავსდა, საიდანაც მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობაზე – ბურჯ ხალიფაზე მშვენიერი ხედი იშლება.

სიგარის სასტუმრო გულისხმობს ელიტური სასმელებითა და დახვეწილი კერძებით მომსახურებას, ასევე 40 მარკაზე მეტი სიგარის არჩევანს, რომლებიც მთელი მსოფლიოდანაა შეკრებილი. თბილი ატმოსფეროს სასიამოვნო დამატებაა ჯაზური მუსიკა.

The Address Downtown Dubai–ს გენერალური დირექტორის ფილიპ ზუბერის განცხადებით, The Cigar Lounge–ი შეიქმნა სპეციალურად იმ დამსვენებლებისთვის, ვინც მაღალ სტილსა და ცხოვრების ხარისხს აფასებს.

„სასტუმრო გაახარებს მათ, ვინც განმარტოებასა და ნამდვილ კომფორტს ეძებს,“ – აღნიშნავს ზუბერი.

The Cigar Lounge–ი ყოველდღე, 18–დან დილის 2,30 საათამდე მუშაობს.

ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა ჯიმ ჰალფენსმა ტურისტულ ბაზარზე ახალი მომსახურება გამოიტანა – მისი კომპანია „განქორწინების სასტუმრო“ (Divorce hotel) კლიენტებს სთავაზობს ოტელში დასახლებას და რამდენიმე დღეში განქორწინების გაფორმებას.

კომპანია ოჯახებს ჰოლანდიის საუკეთესო სასტუმროებში აბინავებს, სადაც მათ ადვოკატები ხვდებიან და პროცესის ყველა დეტალს უთანხმებენ, რაც წყვილებს დროის, ფულისა და ნერვების დაზოგვის საშუალებას აძლევს.

კლიენტებისადმი კომპანიას აუცილებელი მოთხოვნა აქვს – მხარეებს ერთმანეთში მშვიდი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. თუკი მეუღლეები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან ან მუდმივად ჩხუბობენ, კომპანია მათ დახმარებაზე უარს ამბობს.

„განქორწინებების სასტუმროს“ მომსახურება 2500 ევრო ღირს. ბიზნესმენის გეგმებში შედის ფილიალების გახსნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში.

საქართველოს განახლებულ ქალაქებს დღეიდან კიდევ ერთი – ყვარელი დაემატა. ქალაქში დღეს სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.
განახლებულ ყვარელში დილიდან სახალხო სეირნობაა. ქალაქში ჩასული არიან ტურისტები. ყვარლის ცენტრში მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მსურველებს რამდენიმე კუთხეში მოწყობილ სპეციალურ ადგილას კახური ღვინისა და სამზარეულოს დაგემოვნების საშუალებაც აქვთ. დღის ბოლოს დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. იმღერებს გიორგი უშიკიშვილის გუნდი. შეკრებილების წინაშე წარდგებიან სუხიშვილებიც.

ყვარელში დღესვე გაიხსნა ახალი იუსტიციის სახლიც. შენობის თანამედროვე დიზაინი ქართველი არქიტექტორის შექმნილია. დასაქმებულია 25 ადგილობრივი მოსახლე.
ყვარლის იუსტიციის სახლში მისულ მოქალაქეს 250-ზე მეტი სერვისის მიღების შესაძლებლობა კომფორტულ გარემოში ეძლევა. პარალელურად, ყვარელში აშენდა იუსტიციის ახალი სასწავლო ცენტრიც.