espaneti

ამერიკულმა საკრუიზო კომპანია Disney Cruise Line–მა განაცხადა, რომ 2013 წლიდან ხმელთაშუა ზღვაში განაახლებს კრუიზებს ფანტასტიკური ლაინერით DisneyMagic–ით.

„2013 წლის 1 ივნისს DisneyMagic–ი ბარსელონას პორტიდან გავა, რათა შთამბეჭდავი კრუიზი განახორციელოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქალაქებს შორის, რომლებიც მდიდარია ისტორიით, კულტურითა და გართობით,“ – ნათქვამია საკრუიზო კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

2013 წლისთვის Disney Cruise Line–ი ოთხი, 7 და 12–დღიანი კრუიზების შესრულებას გეგმავს ისეთი ქვეყნების სანაპიროებზე, როგორებიცაა ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი, მალტა და ხორვატია.

გასულ წელს კომპანია ერთკვირიან კრუიზებს ასრულებდა, თუმცა ისინი 2012 წლისთვის გაუქმდა. 2013 წელს კი Disney Cruise Line–ი ტურისტებს უფრო მრავალფეროვან პროგრამას პირდება.

Disney Cruise Line–ი გართობის ინდუსტრიის ცნობილ კომპანიას The Walt Disney Company–ს ეკუთვნის. ამჟამად ის კრუიზებს სამი ფანტასტიკური ლაინერით – Disney Magic–ით, Disney Wonder–ითა და Disney Dream–ით ასრულებს, რომლებიც 2400–დან 4 ათასამდე მგზავრს იტევს.

ასეთი ლაინერებით მოგზაურობა საოჯახო დასვენების ერთ–ერთი საუკეთესო არჩევანია. მათზე ტარდება თემატური გართობები ყველა ასაკის მგზავრისთვის.

Disney–ს ლაინერები დამსვენებელს სთავაზობს შეხვედრას Disney–ს მხატვრული ფილმების საყვარელ პერსონაჟებთან. ბორტზე შესაძლებელია Disney–ს მიუზიკლებზე დასწრება და ღია ზღვაზე კაშკაშა ფეიერვერკებით ტკბობა.

მსოფლიო ტურისტული ბაზრის ყველაზე მსხვილი მიმწოდებლები ბრაზილია, არგენტინა, ჩილე და მექსიკაა.როგორც გაირკვა, ლათინური ამერიკის სახელმწიფოების მოქალაქეები სხვა ქვეყნებს ყველაზე ხშირად სტუმრობენ.

კომპანია IPK-ის მიერ ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ლათინური ამერიკიდან უცხოეთში ტურისტული გასვლების რაოდენობა გასული წლის პირველ 8 თვეში 15%-ით გაიზარდა.

როგორც კვლევამ აჩვენა, ბრაზილია, არგენტინა, ჩილე და მექსიკა ის ძირითადი ქვეყნები არიან, რომლებიც მსოფლიოს უცხოეთში მოგზაურ ტურისტებს „აწვდიან.“

ამ ოთხი ქვეყნის ტურისტის ზოგადი პორტრეტი ასეთია: ახალგაზრდა ადამიანი, შესაძლოა, სტუდენტიც, საშუალო ან მაღალი ფენიდან, რომელიც დასვენების ან სიამოვნების გამო მოგზაურობს და როგორც წესი, ტურისტული ფირმებისა და გიდების მომსახურებით სარგებლობს.