cxovreba

Accor-ის სასტუმრო ჯგუფი იაპონიაში ბრენდ ibis-ის ოტელის გახსნას გეგმავს. ibis Shinjuku ტოკიოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ, კომერციულ რაიონში მდებარეობს.

სასტუმროში 206 ნომერია. ამჟამად შენობა რეკონსტრუქციის ეტაპზეა და პირველ სტუმრებს დეკემბრის შუა რიცხვებში ელოდება.

ოტელი აეროპორტ Narita-დან 90 წუთის სავალზე მდებარეობს, Haneda-ს აეროპორტიდან კი იქ მისვლას 45 წუთი სჭირდება.

სასტუმროში ცხოვრების ღირებულება 128 დოლარიდან იწყება.

შეგახსენებთ: ახლახანს Accor-მა განაცხადა, რომ ეკონომ კლასის სამ ბრენდს – ibis-ს, all seasons-სა და Etap Hotel-ს აერთიანებს. შედეგად შეიქმნება ერთიანი ბრენდი ibis-ის სახელწოდებით, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ibis-ი, ibis styles-ი და ibis budget-ი.

რებრენდინგი 2013 წელს დასრულდება.

მაიამი-ბიჩის ჩრდილოეთ ნაწილში, ფლორიდას შტატში, 19 იანვარს სასტუმრო St Regis Bal Harbour Resort-ი გაიხსნება, რომელიც მომავალ წელს აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო პროექტი იქნება. ოტელის მშენებლობაში მილიარდი დოლარი ჩაიდება.

ბრენდ St Regis-ის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ სასტუმრო თავის სტუმრებს ფუფუნების ახალ დონეს შესთავაზებენ. ოტელში 214 ნომერია, რომელთა ფანჯრებიც ოკეანეს გადაჰყურებს. გარდა ამისა, სამ, 27-სართულიან მინის შენობაში 307 რეზიდენციაა. სასტუმრო ბოლ-ჰარბორის კურორტის ქვიშის პლაჟთან მდებარეობს.

ოტელში დაინერგება სისტემა, რომელიც ლიფტში მყოფი მგზავრისთვის საჭირო სართულს ელექტრონული გასაღებით განსაზღვრავს. St Regis Bal Harbour Resort-ის მთელი ტერიტორია დაფარული იქნება Wi-Fi-თ.

ოტელის სტუმრების განკარგულებაში იქნება მოსამსახურე, სპა-ცენტრი Remède Spa, სატრენაჟორო დარბაზი და საბავშვო კლუბი.

სასტუმროს ღვინის ბარში სამხრეთ ფლორიდის მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციაა თავმოყრილი. ახალ ოტელში ცხოვრების ღირებულება ერთ ღამეში 650 დოლარი იქნება.