catambjeni

არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში ოტელი Hyatt Capital Gate Abu Dhabi გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Hyatt Hotels Corporation–ი ავრცელებს. სასტუმრო იმითაა გამორჩეული, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერად, 18 გრადუსით გადახრილ ცათამბჯენშია განთავსებული.

შენობამ Capital Gate–მა, რომელიც აბუ–დაბის საგამოფენო კომპანიას ეკუთვნის, გინესის წიგნში ადგილი სწორედ გადახრის გამო მიიღო, რომელიც თითქმის 4–ჯერ აღემატება ცნობილი პიზის კოშკის გადახრის გრადუსს.

ოტელი შენობაში მე–15–დან 33–ე სართულებამდე მდებარეობს და 189 ნომერს აერთიანებს.

„ეს უნიკალური პროექტი გახდა დიზაინსა და არქიტექტურაში მოწინავე ტექნოლოგიების ხორცშესხმა, რომელმაც ახალი სტანდარტები დაამკვიდრა სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში,“ – განაცხადა სამხრეთ–დასავლეთ აზიაში Hyatt International–ის მმართველმა დირექტორმა პიტერ ფულტონმა.

კომპანიას ეკუთვნის ბრენდები: Hyatt, Park Hyatt, Andaz, Grand Hyatt, Hyatt Regency, Hyatt Place, HYATT house.

სინგაპურში მსოფლიოში პირველი, ტროპიკული ფლორის პარკი გაიხსნა. პარკის „ბაღები ყურესთან“ შექმნა, რომელიც სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის ფლორასა და ფაუნას წარმოადგენს, 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ბაღები ყურესთან“ – სრულიად არაორდინალური, ნამდვილი ბოტანიკური სასწაულია, რომლის მოწყობაც მილიარდი დოლარი დაჯდა. კომპლექსი მდინარე სინგაპურის შესართავთან, 200 საფეხბურთო მოედნის ტოლ ფართობზეა განთავსებული.

226 ათასი დიდებული ხის გარდა, აქ რკინის წნილითა და ბეტონით შექმნილი 18 ხეა აღმართული, რომლებიც სიმწვანითაა შემოსილი. ეს ცოცხალი ცათამბჯენები და ვერტიკალური ბაღები, რომელთა სიმაღლეც 25-დან 50-მდე მეტრს აღწევს, პარკს სრულიად ფუტურისტულ იერსახეს აძლევს. დღისით მათ ქვეშ მზისგან თავის შეფარება შეიძლება, სიბნელის დადგომასთან ერთად კი მცენარეები ორიგინალური ილუმინაციებით ნათდება.

გიგანტური ხეები არა მხოლოდ საინტერესო ინსტალაციაა, ისინი „მუშაობენ“ კიდეც და ორანჟერეებისთვის სავენტილაციო არხების როლს ასრულებენ, აგროვებენ წვიმის წყალსა და გამოიმუშავებენ მზის ენერგიას.

პარკში ყველაზე მაღალ ხეებს შორის ხიდები და მიწისზედა გადასასვლელებია, უმაღლესი ხის მწვერვალზე კი რესტორანი განთავსდება, საიდანაც პანორამული ხედი გადაიშლება.

პარკი მომხმარებლებს ფლორის ენაზე მოუთხრობს სინგაპურის ეთნიკური ჯგუფების ისტორიასა და კოლონიალურ პერიოდზე.

პარკში იქნება წყლის ბაღები და კასკადები, ჩანჩქერები და აუზები.