saprangeti

ამერიკულმა საკრუიზო კომპანია Disney Cruise Line–მა განაცხადა, რომ 2013 წლიდან ხმელთაშუა ზღვაში განაახლებს კრუიზებს ფანტასტიკური ლაინერით DisneyMagic–ით.

„2013 წლის 1 ივნისს DisneyMagic–ი ბარსელონას პორტიდან გავა, რათა შთამბეჭდავი კრუიზი განახორციელოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქალაქებს შორის, რომლებიც მდიდარია ისტორიით, კულტურითა და გართობით,“ – ნათქვამია საკრუიზო კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

2013 წლისთვის Disney Cruise Line–ი ოთხი, 7 და 12–დღიანი კრუიზების შესრულებას გეგმავს ისეთი ქვეყნების სანაპიროებზე, როგორებიცაა ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი, მალტა და ხორვატია.

გასულ წელს კომპანია ერთკვირიან კრუიზებს ასრულებდა, თუმცა ისინი 2012 წლისთვის გაუქმდა. 2013 წელს კი Disney Cruise Line–ი ტურისტებს უფრო მრავალფეროვან პროგრამას პირდება.

Disney Cruise Line–ი გართობის ინდუსტრიის ცნობილ კომპანიას The Walt Disney Company–ს ეკუთვნის. ამჟამად ის კრუიზებს სამი ფანტასტიკური ლაინერით – Disney Magic–ით, Disney Wonder–ითა და Disney Dream–ით ასრულებს, რომლებიც 2400–დან 4 ათასამდე მგზავრს იტევს.

ასეთი ლაინერებით მოგზაურობა საოჯახო დასვენების ერთ–ერთი საუკეთესო არჩევანია. მათზე ტარდება თემატური გართობები ყველა ასაკის მგზავრისთვის.

Disney–ს ლაინერები დამსვენებელს სთავაზობს შეხვედრას Disney–ს მხატვრული ფილმების საყვარელ პერსონაჟებთან. ბორტზე შესაძლებელია Disney–ს მიუზიკლებზე დასწრება და ღია ზღვაზე კაშკაშა ფეიერვერკებით ტკბობა.

საფრანგეთის ნიცაში ახალი საზაფხულო სეზონი პირველი „არამწეველი“ პლაჟის გახსნით აღინიშნება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალაქი, რომელსაც ქვეყნის ერთ–ერთი უმთავრესი ტურისტული ცენტრის სტატუსი აქვს, ამაყობს წარწერის გამოჩენით: Plage sans tabac (პლაჟი თამბაქოს გარეშე).

„არამწეველი“ პლაჟის სტატუსს Centenaire–ი მიიღებს, რომელიც ნიცას ერთ–ერთ ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. ეს სანაპირო იმითაცაა ცნობილი, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვისაა გათვალისწინებული. მოწევაზე აკრძალვა აქ ახალი სეზონის დაწყებისთანავე შევა ძალაში, კანონდამრღვევებს კი 38 ევროს ჯარიმის გადახდა ემუქრება.

საფრანგეთში ეს უკვე მეორე „არამწეველი“ პლაჟია. პირველი გახდა Lumière–ი პროვანსში. იქ მოწევა გასული წლის ივნისიდანაა აკრძალული.