meqsika

იუკატანის შტატის დედაქალაქ მერიდაში „მაიას სამყაროს დიდი მუზეუმი“ Gran Museo del Mundo Maya გაიხსნა. პირველი ექსპოზიციის შემადგენლობაში 600 ისტორიული და არქეოლოგიური ნივთი შევიდა.

თავდაპირველად ტურისტებისთვის 12 დარბაზი გაიხსნება, რომლებიც

ოთხ თემატურ სივრცედაა დაყოფილი. ერთი მათგანი ისტორიას ეძღვნება, მეორე ეთნოგრაფიას, მესამე ანთროპოლოგიას და მეოთხე არქეოლოგიას.

მუზეუმის მეხუთე სივრცე ინტერაქტიულია. მისი ზედა ნაწილი განასახიერებს ცას მაიას თვალით, ქვედა კი იმქვეყნიურ ცხოვრებას.

საგამოფენო კომპლექსის საერთო ფართობი 4,5 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება და სამ შენობას იკავებს. Gran Museo del Mundo Maya–ს მთელი სივრცე დამთვალიერებლებისთვის 31 ოქტომბერს გაიხსნება.

შესვლის საფასური უცხოელებისთვის დაახლოებით 12 დოლარს შეადგენს, 8 დოლარია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ორი დოლარი ბავშვებისთვის, პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის.

კომპლექსის შექმნა მიმდინარეობდა მასშტაბური პროექტის „მაიას სამყაროს“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ შტატებს მოიცავს. მის ფარგლებში სხვა მუზეუმებიც გაიხსნება.