mashtabi

სასტუმროთა ჯგუფმა Hyatt–მა Hyatt Summerfield Suites–ის 38 ოტელისა და 15 Hotel Sierrа–ს რებრენდინგის შესახებ განაცხადა. ისინი მუშაობას ახალი ბრენდის – Hyatt House–ის ქვეშ დაიწყებენ, რომელიც 2011 წლის ბოლოს ამუშავდა.

ახალი ბრენდის კონცეფცია ეფუძნება სასტუმრო სერვისის მიწოდებას მასში ხანგრძლივად მცხოვრები კლიენტურისთვის.

Hyatt House–ის სასტუმროებში მომხმარებელს სამი კატეგორიის აპარტამენტებს სთავაზობენ – სტუდიას მცირე სამზარეულოთი, სუიტებს ცალკე სამზარეულოთი და ერთი ან ორი საძინებლით, და ტრადიციულ ნომრებს სრულად მოწყობილი სამზარეულოთი, საძინებლითა და მისაღებით.

გარდა ამისა, სტუმრების განკარგულებაშია დასვენების კომფორტული ზონა, სადაც სამშაბათიდან ხუთშაბათამდე სტუმრებისთვის ღონისძიებები ტარდება. ამ დროს კლიენტებს ცხელ და ცივ საჭმელებს, ასევე ლუდსა და ღვინოს უფასოდ სთავაზობენ.

რებრენდინგის შედეგად, რომელიც 2012 წლის ბოლოს დასრულდება, Hyatt House–ი აშშ–ის 16 შტატში 53 ოტელი გაერთიანდება. გარდა ამისა, ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ახალი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს.

იუკატანის შტატის დედაქალაქ მერიდაში „მაიას სამყაროს დიდი მუზეუმი“ Gran Museo del Mundo Maya გაიხსნა. პირველი ექსპოზიციის შემადგენლობაში 600 ისტორიული და არქეოლოგიური ნივთი შევიდა.

თავდაპირველად ტურისტებისთვის 12 დარბაზი გაიხსნება, რომლებიც

ოთხ თემატურ სივრცედაა დაყოფილი. ერთი მათგანი ისტორიას ეძღვნება, მეორე ეთნოგრაფიას, მესამე ანთროპოლოგიას და მეოთხე არქეოლოგიას.

მუზეუმის მეხუთე სივრცე ინტერაქტიულია. მისი ზედა ნაწილი განასახიერებს ცას მაიას თვალით, ქვედა კი იმქვეყნიურ ცხოვრებას.

საგამოფენო კომპლექსის საერთო ფართობი 4,5 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება და სამ შენობას იკავებს. Gran Museo del Mundo Maya–ს მთელი სივრცე დამთვალიერებლებისთვის 31 ოქტომბერს გაიხსნება.

შესვლის საფასური უცხოელებისთვის დაახლოებით 12 დოლარს შეადგენს, 8 დოლარია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ორი დოლარი ბავშვებისთვის, პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის.

კომპლექსის შექმნა მიმდინარეობდა მასშტაბური პროექტის „მაიას სამყაროს“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ შტატებს მოიცავს. მის ფარგლებში სხვა მუზეუმებიც გაიხსნება.

ავსტრალიის ტურიზმისა და ექსპორტის საბჭოს მონაცემებით, ქვეყანაში ტურიზმის დარგის თანამშრომელთა მწვავე დეფიციტია. ამჟამად თავისუფალია 36 ათასზე მეტი ადგილი სხვადასხვა კომპანიაში, რომლებიც ასე თუ ისე უკავშირდება ტურიზმს, 2015 წლისთვის კი, საბჭოს პროგნოზით, ამ ციფრმა შესაძლოა 56 ათასს მიაღწიოს.

სფეროს კვლევებმა აჩვენა, რომ კადრების დეფიციტი არა იმდენად ტურისტულ სააგენტოებშია, რამდენადაც სასტუმრო სექტორში, რესტორნებსა და ბარებშიც კი, რომლებიც ტურისტულ ზონებშია განთავსებული. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ „მუშახელის“ სიმცირეზე, არამედ პროფესიონალური უნარ-ჩვევების არარსებობაზე.

შესაძლოა, ამ პრობლემის მოგვარებაში ავსტრალიელებს სხვა ქვეყნების მოქალაქეები დაეხმარონ: წელს ევროპის ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის ესპანეთიდან და ირლანდიიდან, „ეკონომიკური ლტოლვილების“ დიდი ტალღა შეინიშნება.

ამასთან დაკავშირებით ავსტრალიის ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ცდილობენ, მთავრობისგან სპეციალური ვიზის working holiday visa-ს კიდევ ერთი წლით გაგრძელებას მიაღწიონ იმ პირთათვის, რომლებიც ადგილობრივ ტურბიზნესში ერთი წლის განმავლობაში თვეზე დიდხანს მუშაობდნენ.