ganvitareba

„კემპინსკის“ სასტუმროების ჯგუფი ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის კამპანიას იწყებს სახელწოდებით BE („ყოფნა“). ესაა იურიდიულად დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია ერთადერთი მიზნით: ხელი შეუშალოს აივ/შიდსის ინფექციის, ტუბერკულოზისა და მალარიის გავრცელებას, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადებებია.

ახალი კომპანია გეგმავს საერთაშორისო მართვაში მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესის დაინტერესებას, რადგან მათთვის გაცილებით იოლია სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო სექტორთან და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება.

კამპანია BE-ს პირველი პროექტი ტაილანდში ამოქმედდა. მისი მთავარი მიზანია, ადამიანებს აივ-ინფექციისა და ტუბერკულოზის არსი გააცნონ და მათი პროფილაქტიკის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ.

„კემპინსკიმ“ სოციალური პასუხისმგებლობისთვის მეტი ყურადღების დათმობა საკუთარი ქსელის განვითარებასთან ერთად გადაწყვიტა.

ასოციაცია BE-ს მმართველი დირექტორის კარინ ვიტვერის განცხადებით, „ეგრეთ წოდებულ ცივილიზებულ დასავლურ სამყაროში ჯანმრთელობა გარანტირებული ფასეულობაა, ეკონომიკურად სუსტ რეგიონებში – აფრიკაში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში კი ჯანმრთელობა ნამდვილ ფუფუნებად მიიჩნევა.“

სმარტფონების მფლობელთა ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უცხოეთში მოგზაურობისას Wi-Fi -ს საშუალებით ინტერნეტში შესვლაა, რათა როუმინგის მაღალი ტარიფები თავიდან აიცილონ. არის ქვეყნები, სადაც უსადენო ინტერნეტი ტყეებშიც კი მუშაობს. თუმცა ზოგიერთ ქალაქში ჰოთ-სტოპები სრულიად მოულოდნელ ადგილებშია დამონტაჟებული.

ახლახანს ბლოგ Fon-ზე იმ 5 ყველაზე უცნაური ადგილის რეიტინგი გამოქვეყნდა, საიდანაც უსადენო ინტერნეტით სარგებლობაა შესაძლებელი.

სიის ლიდერია სასაფლაო Oak Grove ქალაქ Paducah-ში, ამერიკის კენტუკის შტატში. ჰოთ-სტოპის მომწყობი კომპანიის განცხადებით, ეს ადგილი იმის გამო აირჩიეს, რომ სასაფლაოზე მსოფლიო დონის მეცნიერ-მედიკოსები არიან დაკრძალულნი და ინტერნეტი მათ შესახებ ინფორმაციის მოძიების საშუალებას იძლევა.

რეიტინგის მეორე პოზიციაზე განთავსდა ევერესტი. დედამიწის უმაღლეს წერტილში ინტერნეტის „აყვანა“ შვედურმა სატელეფონო კომპანიამ გადაწყვიტა. მთაზე ინტერნეტით სარგებლობა მოგზაურებს 5200 მეტრის სიმაღლეზე შეუძლიათ.

სიის მესამე ადგილზეა ჩრდილოეთ პოლუსი, სადაც უსადენო ინტერნეტით სარგებლობა 2005 წლიდანაა შესაძლებელი: მოდრეიფე სადგურ ბარნეოზე ქსელი Intel-ის მოსკოვის ოფისის ორმა თანამშრომელმა „ჩაიტანა“.

დღეისათვის უსადენო ინტერნეტი ხელმისაწვდომია უდაბნოშიც. ამისთვის შექმნილია სპეციალური, მზის ბატარეებზე მომუშავე მიმღებები. ინტერნეტი ასევე აღწევს კოსმოსურ ხომალდებში – მათი შემქმნელები კოსმოსური ტურიზმის განვითარებისთვის ნიადაგს ამზადებენ.

ინტერნეტით სარგებლობის ღირებულება შევა ბილეთის ფასში, რომელიც 200 ათას დოლარს მიაღწევს.