ekonomika

აბუ–დაბიში ცხოველებისთვის მდიდრული სასტუმრო Cloud9 გაიხსნა. სასტუმრო უკვე იღებს კატებსა და ძაღლებს, მალე კი მათ ფრინველები და რეპტილიები შეუერთდებიან.

ოტელის მფლობელი აფრა ალ დაირია, რომლისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას ასეთი დაწესებულების გახსნისთვის ლიცენზიის მიცემა არ სურდა, რადგან მსგავსი საქმიანობა „არ შეესაბამება საემიროს ეკონომიკურ და ფინანსურ ინტერესებს“. თუმცა ქალბატონმა მაინც განახორციელა პროექტი, რათა მიტოვებული ცხოველები შეიფაროს.

სასტუმროში ბინადრობენ არა მხოლოდ პატრონების მიერ დროებით მიტოვებული, არამედ უპატრონო ცხოველებიც, რომლებიც ქუჩაში იპოვეს.

ოტელის ყველა ნომერში არის ჰაერის კონდიციონერი, VIP–ოთახების სტუმრებს კი ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრიც დახვდებათ. მელოდიური მუსიკა ცხოველებს განტვირთვასა და კომფორტულად დასვენებაში ეხმარება.

ეს საემიროებში უკვე მეორე მსგავსი სასტუმროა. ცხოველებისთვის პირველი ოტელი დუბაიში გაიხსნა და მასში ვეტერინალური კლინიკა და სილამაზის სალონი ფუნქციონირებს.

უახლესი მონაცემების მიხედვით, რიო-დე-ჟანეიროს ოტელები მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია. მათში განთავსების საშუალო ღირებულებამ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით 192,88 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის ფასებზე 50%-ით მეტია.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ოტელების დაჯავშნის საიტის HRS-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ფასების მკვეთრი ზრდა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებამ გამოიწვია, რაც 2014 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის, 2016 წელს კი ოლიმპიური თამაშების გამართვას უკავშირდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რიო-დე-ჟანეიროს ტრადიციულმა კარნავალმა წელს მთელი მსოფლიოდან უამრავი ტურისტი მიიზიდა.

განთავსების ღირებულება დიდი ბრიტანეთის ოტელებშიც გაიზარდა. ლონდონში ერთი ღამის გატარება 100 გირვანქა სტერლინგი ღირს, ლივერპულში კი ფასებმა 12,55%-ით, საშუალოდ 71,57 გირვანქამდე მოიმატა.

მაიამიში ფასები 98 გირვანქამდე, მეხიკოში კი 85 გირვანქამდე გაიზარდა. მოსკოვის სასტუმროებში განთავსების ღირებულება საშუალოდ 122 გირვანქა სტერლინგია, ციურიხში 116 გირვანქა.

ყველაზე იაფფასიანი შეთავაზებები კი ბანგკოკის, პრაღისა და პეკინის სასტუმროებს აქვთ, სადაც ღამის გათენება 50 გირვანქა სტერლინგი ღირს.

შემცირდა ათენის, ოსლოსა და ლისაბონის ფასები, რაც ტურისტების რიცხვის შემცირებასა და საზოგადოებრივი არეულობების გახშირებას უკავშირდება. გასულ წელთან შედარებით სასტუმროებში ფასებმა დაიკლო ბუენოს-აირესსა და მუმბაიში.

პირველად ბოლო 5 წლის განმავლობაში ოტელებში ცხოვრება მსოფლიოს ყველა რეგიონში გაძვირდა. როგორც Hotels.com-ის სასტუმრო ფასების ინდექსმა აჩვენა, 2012 წლის პირველ ნახევარში, 2011 წლის იგივე პერიოდთან შედარებით სასტუმროების მომსახურების ფასები გაიზარდა, რაც ადასტურებს, რომ ამ ბიზნესში ეკონომიკური მაჩვენებლების აღდგენამ მდგრადი ხასიათი მიიღო.

საანგარიშო პერიოდში ინდექსმა 108 პუნქტს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ მიუხედავად ზრდისა, 2007 წლის პირველ ნახევართან შედარებით, როდესაც ინდექსმა თავის პიკს – 119-ს მიაღწია – ფასები მთლიანობაში დაბალია.

2004 წლიდან დაწყებული, სასტუმრო ფასების ინდექსი (HPI) ითვალისწინებს ნომრების ღირებულებას, რომელსაც ადამიანები რეალურად იხდიან ოტელებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

2012 წლის პირველ ნახევარში წყნარი ოკეანის რეგიონში ფასები 6%-ით გაიზარდა, ჩრდილოეთ ამერიკაში 5%-ით, აზიაში კი 4-ით. ლათინურ ამერიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში კი ფასები მცირედით, მხოლოდ 1%-ით იზრდებოდა.