dolari

მაიამი-ბიჩის ჩრდილოეთ ნაწილში, ფლორიდას შტატში, 19 იანვარს სასტუმრო St Regis Bal Harbour Resort-ი გაიხსნება, რომელიც მომავალ წელს აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო პროექტი იქნება. ოტელის მშენებლობაში მილიარდი დოლარი ჩაიდება.

ბრენდ St Regis-ის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ სასტუმრო თავის სტუმრებს ფუფუნების ახალ დონეს შესთავაზებენ. ოტელში 214 ნომერია, რომელთა ფანჯრებიც ოკეანეს გადაჰყურებს. გარდა ამისა, სამ, 27-სართულიან მინის შენობაში 307 რეზიდენციაა. სასტუმრო ბოლ-ჰარბორის კურორტის ქვიშის პლაჟთან მდებარეობს.

ოტელში დაინერგება სისტემა, რომელიც ლიფტში მყოფი მგზავრისთვის საჭირო სართულს ელექტრონული გასაღებით განსაზღვრავს. St Regis Bal Harbour Resort-ის მთელი ტერიტორია დაფარული იქნება Wi-Fi-თ.

ოტელის სტუმრების განკარგულებაში იქნება მოსამსახურე, სპა-ცენტრი Remède Spa, სატრენაჟორო დარბაზი და საბავშვო კლუბი.

სასტუმროს ღვინის ბარში სამხრეთ ფლორიდის მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციაა თავმოყრილი. ახალ ოტელში ცხოვრების ღირებულება ერთ ღამეში 650 დოლარი იქნება.

ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ახალი კურორტი აშენდება. ხორვატიული გამოცემის Jutamji List–ის მონაცემებით, მდიდრული კურორტის აშენებას ცნობილი მსახიობები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი აპირებენ.

კურორტი კუნძულ ბრიუნის მოპირდაპირე მხარეს განთავსდება. მას Barabriga ერქმევა და რამდენიმე ოტელსა და პლაჟის ვილას გააერთიანებს. იქვე იქნება იახტების გასაჩერებელი ადგილი და გოლფის სათამაშო მოედანი. პროექტის ღირებულება 85 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

უახლესი მონაცემების მიხედვით, რიო-დე-ჟანეიროს ოტელები მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია. მათში განთავსების საშუალო ღირებულებამ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით 192,88 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის ფასებზე 50%-ით მეტია.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ოტელების დაჯავშნის საიტის HRS-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ფასების მკვეთრი ზრდა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებამ გამოიწვია, რაც 2014 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის, 2016 წელს კი ოლიმპიური თამაშების გამართვას უკავშირდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რიო-დე-ჟანეიროს ტრადიციულმა კარნავალმა წელს მთელი მსოფლიოდან უამრავი ტურისტი მიიზიდა.

განთავსების ღირებულება დიდი ბრიტანეთის ოტელებშიც გაიზარდა. ლონდონში ერთი ღამის გატარება 100 გირვანქა სტერლინგი ღირს, ლივერპულში კი ფასებმა 12,55%-ით, საშუალოდ 71,57 გირვანქამდე მოიმატა.

მაიამიში ფასები 98 გირვანქამდე, მეხიკოში კი 85 გირვანქამდე გაიზარდა. მოსკოვის სასტუმროებში განთავსების ღირებულება საშუალოდ 122 გირვანქა სტერლინგია, ციურიხში 116 გირვანქა.

ყველაზე იაფფასიანი შეთავაზებები კი ბანგკოკის, პრაღისა და პეკინის სასტუმროებს აქვთ, სადაც ღამის გათენება 50 გირვანქა სტერლინგი ღირს.

შემცირდა ათენის, ოსლოსა და ლისაბონის ფასები, რაც ტურისტების რიცხვის შემცირებასა და საზოგადოებრივი არეულობების გახშირებას უკავშირდება. გასულ წელთან შედარებით სასტუმროებში ფასებმა დაიკლო ბუენოს-აირესსა და მუმბაიში.

სმარტფონების მფლობელთა ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უცხოეთში მოგზაურობისას Wi-Fi -ს საშუალებით ინტერნეტში შესვლაა, რათა როუმინგის მაღალი ტარიფები თავიდან აიცილონ. არის ქვეყნები, სადაც უსადენო ინტერნეტი ტყეებშიც კი მუშაობს. თუმცა ზოგიერთ ქალაქში ჰოთ-სტოპები სრულიად მოულოდნელ ადგილებშია დამონტაჟებული.

ახლახანს ბლოგ Fon-ზე იმ 5 ყველაზე უცნაური ადგილის რეიტინგი გამოქვეყნდა, საიდანაც უსადენო ინტერნეტით სარგებლობაა შესაძლებელი.

სიის ლიდერია სასაფლაო Oak Grove ქალაქ Paducah-ში, ამერიკის კენტუკის შტატში. ჰოთ-სტოპის მომწყობი კომპანიის განცხადებით, ეს ადგილი იმის გამო აირჩიეს, რომ სასაფლაოზე მსოფლიო დონის მეცნიერ-მედიკოსები არიან დაკრძალულნი და ინტერნეტი მათ შესახებ ინფორმაციის მოძიების საშუალებას იძლევა.

რეიტინგის მეორე პოზიციაზე განთავსდა ევერესტი. დედამიწის უმაღლეს წერტილში ინტერნეტის „აყვანა“ შვედურმა სატელეფონო კომპანიამ გადაწყვიტა. მთაზე ინტერნეტით სარგებლობა მოგზაურებს 5200 მეტრის სიმაღლეზე შეუძლიათ.

სიის მესამე ადგილზეა ჩრდილოეთ პოლუსი, სადაც უსადენო ინტერნეტით სარგებლობა 2005 წლიდანაა შესაძლებელი: მოდრეიფე სადგურ ბარნეოზე ქსელი Intel-ის მოსკოვის ოფისის ორმა თანამშრომელმა „ჩაიტანა“.

დღეისათვის უსადენო ინტერნეტი ხელმისაწვდომია უდაბნოშიც. ამისთვის შექმნილია სპეციალური, მზის ბატარეებზე მომუშავე მიმღებები. ინტერნეტი ასევე აღწევს კოსმოსურ ხომალდებში – მათი შემქმნელები კოსმოსური ტურიზმის განვითარებისთვის ნიადაგს ამზადებენ.

ინტერნეტით სარგებლობის ღირებულება შევა ბილეთის ფასში, რომელიც 200 ათას დოლარს მიაღწევს.