chineti

ძველ ჩინურ ქალაქ სიანში, რომელიც პეკინიდან სამხრეთ-დასავლეთით, 930 კილომეტრში მდებარეობს, სასტუმრო Westin Xian-ი გაიხსნა, რომელიც სასტუმროთა ჯგუფ Starwood-ს ეკუთვნის. ეს ბრენდ Westin-ის პირველი ოტელია, რომელსაც სიძველეთა საკუთარი მუზეუმი აქვს.

სასტუმრო ტურისტულ რაიონ Qujiang-ში მდებარეობს, რომელიც მაღაზიებითა და რესტორნებითაა გარშემორტყმული. ოტელის სიახლოვეს ტანის დინასტიის საზაფხულო სამეფო ბაღი და პაგოდაა, რომელიც 1000 წელზე დიდი ხნის წინაა აგებული.

Westin Xian-ში 329 ნომერი და 32 ერთ და ოროთახიანი აპარტამენტია.

ერთი დღე-ღამით ორადგილიანი ნომრის დაჯავშნის ღირებულება 174 დოლარიდან იწყება.

ოტელის სიამაყე მუზეუმია, რომელშიც 2000-ზე მეტი არტეფაქტია წარმოდგენილი. ექსპოზიცია ყველა მსურველისთვის გახსნილია. სამ დარბაზში განთავსებულია ჩინური მხატვრობის, ფაიფურის, საიუველირო ხელოვნებისა და ჯავშნების ნიმუშები.

ქალაქი სიანი სამი ათას წელზე მეტია არსებობს და ჩინეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. სიანი 13 საუკუნის განმავლობაში ქვეყნის დედაქალაქი იყო.

ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში, რომელიც პეკინიდან სამხრეთ–დასავლეთით, 1480 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, თემატური რესტორანი გაიხსნა, რომელიც გაფორმებულია, როგორც ავიალაინერი Airbus A380.

მასში მომუშავე ოფიციანტებმა სტიუარდების კურსები გაიარეს, და მომხმარებელს ისევე უმასპინძლდებიან, როგორც ბორტგამცილებლები თვითმფრინავის სალონში ავიამგზავრებს ემსახურებიან.

რესტორანს ერთდროულად 100–ზე მეტი ადამიანის მიღება შეუძლია. ინტერიერის აბსოლუტურად ყველა დეტალი – ავეჯით დაწყებული და სანათებით დასრულებული – იმის ანალოგიურია, რომელთაც ნამდვილ თვითმფრინავებში შეხვდებით.

თუმცა „მიწიერ“ თვითმფრინავში შესვლა რეალურ ლაინერთან შედარებით გაცილებით ძვირი სიამოვნებაა: მასში ყვეაზე ძვირადღირებული ადგილების დაჯავშნა ადამიანზე 1570 დოლარი ღირს.

 

წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტიბეტის ავტონომიური რაიონი ტურისტების რეკორდულ რაოდენობას – 10 მილიონზე მეტ ადამიანს ელოდება. დარგის შემოსავლები, სავარაუდოდ, 1,89 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ტურიზმის წილი რეგიონის მშპ–ში კი 17%–მდე გაიზრდება.

ტურიზმი ტიბეტის ეკონომიკის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს: ამ სფეროში თითქმის 300 ათასი ადამიანია დასაქმებული. 2011 წელს ტურინდუსტრიამ 1,54 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და 8,7 მილიონ ტურისტს მოემსახურა. თუმცა სტუმრების დიდი ნაწილი ტრადიციულად ჩინეთიდანაა. გასულ წელს ტიბეტს მხოლოდ 270 ათასი უცხოელი ესტუმრა, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 18,5%–ით მეტია.

მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში ტიბეტში 7 მილიონი ადამიანი ჩავიდა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს 25%–ით აღემატება.

მოგზაურებს ამ რეგიონში ბუდისტური და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები იზიდავს.

ტურისტული ნაკადის ზრდას ასევე განაპირობებს მასშტაბური სარეკლამო კამპანიები, სხვადასხვა ღონისძიებები და ფესტივალები.